მონიტორინგი მაღალი კაშხლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთვის: წყლისა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება დეკარბონიზაციისათვის
- თსუ
- სექტემბერი 16, 2022
- 182
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ –
ქართული პროექტის „DAMAST ტრანსფერის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია
– "მონიტორინგი მაღალი კაშხლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთვის:
წყლისა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება დეკარბონიზაციისათვის" გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების, აგრეთვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების,
გარემოს ეროვნული სააგენტოს, გერმანიის განათლების და მეცნიერების ფედერალური
სამინისტროს (BMBF) წარმომადგენლები, DAMAST-Transfer-ის წამყვანი მეცნიერები,
საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ერნსტ პეტერ
ფიშერი ესწრებოდნენ.
ქვეყნისთვის და მეცნიერების განვითარებისთვის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და აღნიშნა, რომ DAMAST პროექტის კვლევები და
კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკისთვის, ქვეყნის
ენერგოდამოუკიდებლობისთვის: „უახლესი აპარატურით ჩატარდა ენგურჰესის
მონიტორინგი, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩართულნი იყვნენ
მეცნიერები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. შედეგი, რომელიც მივიღეთ
არის უაღრესად საინტერესო და ამავე დროს საკმაოდ დამაფიქრებელიც. დაახლოებით
30 წელიწადში ამოწურავს თავის პოტენციას ენგურჰესი. ამის შემდეგ იქმნება
პრობლემა, ელექტროენერგიის დაახლოებით 40% შეუვსებელი დარჩება. ამიტომ უნდა
დაიწყოს ფიქრი ჩვენმა ქვეყანამ და პარტნიორებმა როგორი სტრატეგიული
გადაწყვეტილებაა მისაღები. რა გზით მივდივართ, გვჭირდება თუ არა განახლებადი
ენერგია, როგორ უნდა გამოვიყენოთ ოპტიმალურად ის ჰიდრორესურსი, რომლითაც
მდიდარია ჩვენი ქვეყანა. როგორ შეიძლება სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე
ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდა, რაც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი
კომპონენტია. ჩვენგან დაახლოებით 20 ახალგაზრდა გაემგზავრება კარლსრუეს
ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც მოემზადებიან ამ მიმართულებით, ჩაერთვებიან
კვლევებში, გაეცნობიან კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიას, რომელსაც შემდგომ
საქართველოში ჩამოიტანენ და განავითარებენ პრაქტიკაში.“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და
მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ნინო წერეთლის თქმით,
„მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ DAMAST პროექტის
კვლევების შედეგები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონისთვის,
არამედ, მთელი მსოფლიოსთვის.“
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო DAMAST (მონიტორინგის ტექნოლოგია
ჰიდროელექტრო_სადგურების უსაფრთხო და ეფექტიანი მუშაობისთვის) პროექტის
ძირითადი შედეგები, რომლებიც მიღწეულია თსუ-სა და სტუ-ს ქართველ მეცნიერებსა
და EIFER-ის, Piewak & Partner-ისა და KIT-ის გერმანელ მეცნიერებს შორის
თანამშრომლობის შედეგად, „ენგურჰესთან“ მუშაობისას. კონფერენციის
მონაწილეებმა წარმოადგინეს მონიტორინგის სისტემები და პირველი (დაახ. 2 წლიანი)
გაზომვების შედეგები – სეისმურობის, გეომექანიკის, რეგიონული და კაშხლის
დეფორმაციის კვლევები.
„ჩვენ ენგურის მსგავსი ჰიდოროელექტროსადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობის და
ასევე სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხებს ვსწავლობთ; გვაქვს ძალიან ბევრი
დეტალური ინფორმაცია და აზომვითი მონაცემი ენგურის რეგიონიდან, რომლებზეც
დაყრდნობით კონფერენციაზე წარმოავდგენთ პირველ შედეგებს. ასევე იდეებს, თუ
როგორ დავნერგოთ და განვახორციელოთ გარკვეული ღონისძიებები სამომავლოდ,“-
განაცხადა კარლსრუეს (გერმანია) ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა ფრანკ
შილინგმა.
პროექტში მონაწილეობდნენ მეცნიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან,
თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
ასევე, სტუდენტები, რომლებმაც ინტენსიური მონაწილეობა მიიღეს საველე
სამუშაოებში და შესაძლებლობა მიეცათ გერმანელ და ქართველ მეცნიერებთან ერთად
მიეღოთ გამოცდილება პრატიკულ საქმიანობაში. პროექტი მეცნიერულ პასუხს იძლევა
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე,
რამდენად სჭირდება ქვეყანას ჰესები, რაზე ახდენს ან არ ახდენს გავლენას ჰესები,
შედის თუ არა ჰესი მწვანე ენერგორესურსებში და სხვა.
„პროექტების ფარგლებში საქართველოში შემოვიდა უნიკალური აპარატურა, დაინერგა
ინოვაციური მეთოდები და ჩატარდა კომპლექსური კვლევები მაღალი კაშხლების. ეს
საშუალებას იძლევა ზუსტად დავადგინოთ თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანები
არიან, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ ჰესები, სად შეიძლება ველოდებოდეთ რისკს
და როგორ ავიცილოთ რისკები თავიდან. ამ მხრივ, ეს პროექტი უნიკალურია.
ენგურჰესი ერთ-ერთი მაღალი კაშხალია მსოფლიოში და მეთოდები, რომელითაც ჰესი
იყო შესწავლილი და დანერგილი, გადატანილი იქნება მსგავსი ჰესების მქონე
რეგიონებში და ქვეყნებში. შესაძლოა, ეს პროექტები საფუძველი გახდეს ჰესების
კვლევის საერთაშორისო ცენტრის შექმნისა საქართველოში, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ისეთი დარგების განვითარებას, რომელიც ჩვენს
ქვეყანაში საერთოდ არ არის განვითარებული,“- აღნიშნა თსუ მიხეილ ნოდიას
გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებებისა და
კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა.
DAAD- STG (sustainable goal development) პროექტის ფარგლებში თსუ-სა და სტუ-ს
სტუდენტები – მაგისტანტები, დოქტორანტები მომდევნო ოთხი წლის მანძილზე
გაემგზავრებიან კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევების
ჩასატარებლად. „კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩემი საქმიანობის სფერო
იყო ენგურჰესზე დამონტაჟებული სადგურებიდან ინფორმაციის მიღება და ამ
მონაცემების დამუშავება. პროექტის ფარგლებში შევისწავლე უნიკალური მეთოდები,
როგორ უნდა მოვახდინო ლოკალური სეისმური მოვლენების დეტექტირება და ამის
შემდგომ ამ მონაცემების დამუშავება. კვლევების შედეგებიდან გამომდინარე ვაპირებთ
მუშაობის გაგრძელებას,“- განაცხადა თსუ სტუდენტმა ნაზი ტუღუშმა.
ამ ეტაპისთვის მოქმედებს სამი პროექტი, რომელიც დააფინანსა გერმანიის
განათლებისა და მეცნიერების ფედერალურმა სამინისტრომ და რომლის მთლიანი
ბიუჯეტი 7. 5 მლნ. ევროზე მეტია:
DAMAST – მონიტორინგის ტექნოლოგია ჰიდროელექტროსადგურების უსაფრთხო და
ეფქტიანი მუშაობისთვის 2019 -2022
DAMAST – transfer სეისმური მონიტორინგი ჭუბერის ხეობის უსაფრთხოებისთვის 2022
– 2024
DAAD- STG (sustainable goal development) თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტებისა და
ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლითი პროგრამები დედამიწის შემსწავლელი
მეცნიერებებისთვის 2022 -2025
DAMAST პროექტი (2019-2022) ეძღვნებოდა წყალსაცავის ექსპლუატაციის
ეფექტიანობის გრძელვადიანობას და მაღალი დანახარჯების თავიდან აცილების
პრევენციას. ასევე პროექტის მიზანი იყო მონიტორინგის კონცეფციების შემუშავება,
გადასატანი მონიტორინგის სისტემების დაყენება და ტესტირება, რომელიც შეიძლება
გამოყენებულ იქნას სხვა კაშხლებზე მსგავს პირობებში. პროექტის ფარგლებში
გამოიყენეს ინოვაციური მეთოდები საჭირო მონაცემების შეგროვებისა და
ანალიზისთვის. გერმანულმა მხარემ, ამ პროექტის ფარგლებში, ენგურჰესზე 4 მლნ.
ევროს ღირებულების უახლესი ტექნოლოგიის აპარატურა დაამონტაჟა.
შემდეგი პროექტი DAMAST -Transfer (2022-2024) მიზნად ისახავს DAMAST-ის
ფარგლებში მიღებული ცოდნის გაზიარებას სხვა ქვეყნებისათვის, რათა დაეხმაროს
მტკნარი წყლის მართვას და მიაწოდოს საზოგადოებას სუფთა, საიმედო და
ხელმისაწვდომი სიმძლავრე. ეს პროექტი არის პირველი ნაბიჯი კავკასიაში მაღალი
კომპეტენციის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შესაქმნელად. ასეთი
ცენტრი იდეალური იქნება კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების
საკითხების კვლევების გაერთიანებისთვის, აგრეთვე, ქვეყანაში ახალი
მიმართულებების განვითარებისთვის.